ბჰაგავად-გიტა – თავი პირველი

ბჰაგავად-გიტა – თავი პირველი

თავი პირველი
კურუქშეტრას ბრძოლის ველზე შეკრებილ
ლაშქართა დათვალიერება

ლექსი 1
დჰრიტარაშტრამ იკითხა: ო, სანჯაია, მაუწყე, როგორ შეიკრბნენ მწირობის ველზე – კურუქშეტრაზე, ბრძოლის ჟინით ანთებული ჩემი და პანდუს შვილები და რას იქმან ახლა.

შინა-არსი: ბჰაგავად-გიტა მკითხველთა ფართო წრისათვის ცნობილია, როგორც რელიგიურ-ფილოსოფიური ნააზრევი, რომელიც განზოგადებულია გიტა-მაჰატმიაში (გიტას ქებათა-ქება) და მითითებულია, რომ ადამიანმა გულდასმით, შრი კრიშნას ერთგულის დახმარებით უნდა წაიკითხოს ბჰაგავად-გიტა, საფუძვლიანად ჩასწვდეს მის აზრობრივ სიღრმეებს და უარი თქვას საკუთარი შეხედულებებისამებრ მის ახსნაზე.

არჯუნამ გიტა უშუალოდ უფლისაგან მოისმინა და სცადა, ეს მოძღვრება ძირისძირამდე შეეცნო. ეს არის ამ წმინდა წიგნის სწორად გაგების გზა. თუ ბედი ვინმეს ისე გაუღიმებს, რომ მოწაფეობრივი თანმიმდევრობის წყალობით, საკუთარი ინტერპრეტაციის გარეშე, შეძლებს ბჰაგავად-გიტას გაგებას, მაშინ მისი ცოდნა სრული ვედური სიბრძნისა და ყველა წმინდა წერილის შესწავლით მიღებულ ცოდნას გადააჭარბებს. ბჰაგავად-გიტაში ყველაფერია – ისიც, რასაც სხვა წმინდა წერილები მოიცავენ, და ისიც, რასაც მკითხველი სხვაგან ვერსად მიაგნებს. აი, ეს არის გიტას გამორჩეული ღირსება – იგი სრულყოფილი ღვთისმიერი მეცნიერებაა, რადგან მას უშუალოდ უზენაესი ღმრთაებრივი პიროვნება – უფალი შრი კრიშნა მოგვითხრობს.

მაჰაბჰარატაში დჰრიტარაშტრა და სანჯაია განიხილავენ საკითხებს, რაც ბჰაგავად-გიტას ფილოსოფიურ-რელიგიური საფუძველია. როგორც ვგებულობთ, ეს მოძღვრება მოთხრობილ იქნა კურუქშეტრას ბრძოლის ველზე, რომელიც ვედური ეპოქის უხსოვარი დროიდან მწირობის წმინდა ადგილად არის ცნობილი. მას ღაღადებს თვითონ უფალი, რომელმაც ამ პლანეტაზე მოვლინება ინება კაცობრიობის დასაყენებლად სწორს გზაზე.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიტყვას დჰარმა-ქშეტრა (ადგილი, სადაც რელიგიური რიტუალები სრულდება), რაც შემდეგნაირად აიხსნება: კურუქშეტრას ველზე უზენაესი ღმრთაებრივი პიროვნება არჯუნას მხარეზე იდგა; ამიტომ კურუთა მოდგმის მამას, დჰრიტარაშტრას, დიახაც, დიდად აეჭვებდა თავისი შვილების გამარჯვება. ამ ეჭვებით გულშეძრული ეკითხება იგი თავის ვეზირს, სანჯაიას: რა ქმნეს ჩემმა წარგზავნილებმა? მან თავიდანვე კარგად იცოდა, რომ საომრად შეყრილი მისი და მისი უმცროსი ძმის – პანდუს შვილები ერთმანეთს არაფერს დაუთმობდნენ, თავადაც ამის მომხრე იყო. იგი ღელავდა როგორც მშობელი, თუ რა ბედი ეწეოდათ სასიკვდილო შერკინებაში მის შვილებს. მას ისიც აშფოთებდა, რომ ბრძოლა იმ ველზე იმართებოდა, რაც ვედების მიხედვით, ზეცის ბინადართათვისაც თაყვანისცემის ადგილად იყო პატივცემული და იგი გავლენას მოახდენდა ბრძოლის შედეგებზე. მეფემ კარგად უწყოდა არჯუნასა და პანდუს სხვა ჩამომავალთა წმინდა ბუნების შესახებ.

სანჯაია ვიასას მოწაფე გახლდათ, ამიტომ მას უნარი ჰქონდა, მეფესთან საუბრის დროსაც დარბაზიდან დაენახა კურუქშეტრას ველზე სპათა გაწყობა და მეფის შეკითხვებზე პასუხი გაეცა.

პანდავებიც და დჰრიტარაშტრას ძენიც ერთი მოდგმის შვილები იყვნენ და ყველანი კურუს შთამომავლებად იწოდებოდნენ, თუმცა მეფემ სანჯაიასთან საუბარში მხოლოდ საკუთარ ნაშიერთ უწოდა კურუ და ამით პანდუს შვილებს საგვარეულო მემკვიდრეობაზე უფლებები უგულვებელყო. თუნდაც ამით ცხადდება, რომ დჰრიტარაშტრას თავის ძმისწულების მიმართ განსაკუთრებული ანგარიში ამოძრავებდა.

როგორც ბრინჯის ყანას მარგლავენ სარეველა ბალახებისაგან, კურუქშეტრას ველზე უფალი, რომელიც არჯუნას ახლდა, ამოძირკვავდა დჰრიტარაშტრას ძის – დურიოდჰანას მსგავს ღვარძლა ბალახს და იუდჰიშთჰირას მეთაურობით ჭეშმარიტად მორწმუნეთ დაუმკვიდრებდა სიცოცხლეს.

ასე აიხსენება სიტყვების – დჰარმა-ქშეტრასა და კურუ-ქშეტრას – ისტორიული და ვედური მნიშვნელობა.

ლექსი 2
სანჯაიამ თქვა: ო, მეფეო! თვალი მოავლო რა საომრად განლაგებულ პანდუს შვილთა ლაშქარს, მეფე დურიოდჰანა თავის მოძღვარს მიეახლა და შემდეგი სიტყვებით მიმართა.

შინა-არსი: დჰრიტარაშტრა დაბადებით ბრმა იყო. სამწუხაროდ, მას სულიერი ჭვრეტის უნარიც დაშრეტილი ჰქონდა. თავად მშვენივრად იცოდა, რომ მისი შვილებიც – სჯულისმიერ ცოდნაში თვალდავსილნი – ვერასოდეს მორიგდებოდნენ დაბადებიდანვე ღვთისმოსავ პანდავებთან.

განდეგილობის წმინდა ადგილზე მათი შებმა ადარდებდა უსინათლო ხელისუფალს. სანჯაიასაც კარგად ესმოდა ამ შფოთვა-ეჭვების მიზეზი, ამიტომ გაამხნევა ავის მომლოდინე მეფე და დაარწმუნა, რომ მის შვილებს წმინდა ადგილის ძალაც კი ვერ გაუნელებდა ბიძაშვილებთან ბრძოლის ჟინს. სანჯაიამ ამცნო მეფეს, რომ პანდავების საბრძოლო ძალების ხილვის შემდეგ მისმა ძემ, დურიოდჰანამ, უმალ მხედართმთავარ დრონაჩარიას მიაშურა, რათა დათვალიერების შედეგები მოეხსენებინა მისთვის. დურიოდჰანა მეფედ იწოდებოდა, ერთპიროვნულად შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო რჩევისათვის მთავარსარდალს მიმართა.

ამით ჭეშმარიტი პოლიტიკოსის თვისება გამოავლინა – მან დიპლომატიური სიმშვიდის ნიღაბი მოირგო, მაგრამ პანდავების საბრძოლო განლაგებით აღძრულ შიშს მაინც ვერ მალავდა.

ლექსი 3
ო, ჩემო მოძღვარო, თვალი მიაპყარ პანდუს ძეთა ძლევამოსილ ლაშქარს, ასე უნარიანად რომ განულაგებია შენ გონიერ მოწაფეს – დრუპადას ძეს.

შინა-არსი: დურიოდჰანამ აქაც დიპლომატიურად შეაპარა დიად ბრაჰმან მხედართმთავარს, დრონაჩარიას, მისი შეცდომების შესახებ.

დრონაჩარიას გარკვეული პოლიტიკური უთანხმოება ჰქონდა დრუპადასთან – არჯუნას ცოლის, დრაუპადის, მამასთან. ამ დაპირისპირების გამო დრუპადამ დიდი მსხვერპლშეწირვის ცერემონიალი მოაწყო, რისთვისაც უზენაესისაგან ისეთი შვილის შეძენის კურთხევა მიიღო, რომელიც დრონაჩარის მოკვლას შეძლებდა. მხედართმათვარმა, რა თქმა უნდა, ეს მშვენივრად უწყოდა და მაინც როგორც დიდსულოვანმა ბრაჰმანმა, დრუპადას შვილს დჰრიშტადიუმნას, როცა იგი სამხედრო ხელოვნების შესასწავლად მიაბარეს, უყოყმანოდ გაანდო ბრძოლის წარმართვის საიდუმლოებანი. ახლა კი დჰრიშტადიუმნამ კურუქშეტრას ველზე პანდავებს დაუჭირა მხარი და დრონაჩარისაგან ნასწავლის კვალობაზე განაწყო პანდავების საომარი რიგები. სწორედ ამ შეცდომაზე მიუთითა მთავარსარდალს შეფარვით და თან გააფრთხილა – ბრძოლის დროს მაინც გამოეჩინა სიფხიზლე და უდრეკი ხასიათი, არ დაეძლია მისი გონება შემწყნარებლობას პანდავების – თუნდაც თავის გამზრდელი მოწაფეების
– მიმართ. მისი გამორჩეულად საყვარელი და ნიჭიერი შეგირდი თავად არჯუნა იყო. დურიოდჰანას აზრით, ბრძოლაში მტრის დანდობას საკუთარი არმიის დამარცხება მოჰყვებოდა.

ლექსი 4
ამ ლაშქარში მრავალი გმირი მშვილდოსანია, რომლებიც ბრძოლაში ბჰიმასა და არჯუნას არ ჩამოუვარდებიან. მათ შორის გამოირჩევიან იუიუდჰანა, ვირატა და სხვა მეომრები – დრუპადას ტოლს რომ არ დაუდებენ.

შინა-არსი: მართალია, პირადად დჰრიშტადიუმნა, როგორც მებრძოლი, არ იყო საშიში სამხედრო ხელოვნებაში უდიდესი გამოცდილების მქონე დრონაჩარიასათვის, მაგრამ მას ის აფიქრებდა, რომ მოწინააღმდეგეთა შორის მრავალ საშიშ მეტოქეს ხედავდა, რომლებიც გამარჯვების გზაზე დიდ დაბრკოლებებს შეუქმნიდნენ. ყოველი მათგანი მისთვის კარგად ცნობილი ბჰიმასა და არჯუნასავით მამაცი მეომარი და დახელოვნებული სამხედრო პირი
იყო.

ლექსი 5
აქ არიან დჰრიშტაკეტუს, ჩეკიტანას, კაშირაჯას, პურუჯიტის, კუნტიბჰოჯასა და შაიბიას მსგავის დიადი, ძლევამოსილი მეომრები.

ლექსი 6
აქ არიან ძლევამოსილი მეომრები – იუდჰამანიუ და უტტამაუჯა, სუბჰადრას ძე და
დრაუპადის ძენი. ყოველ მათგანს ეტლით ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა.

ლექსი 7
ო, შეუდარებელო ბრაჰმანო, ნება მიბოძე, ჩვენი მხედართმთავრების შესახებაც
მოგახსენო. ისინი გამორჩეული საომარი თვისებებით არიან შემკულნი და საბრძოლო ძალების სარდლობას ჭეშმარიტად იმსახურებენ.

ლექსი 8
ღირსეულთაგან უპირველესად გამოირჩევი შენ; შემდეგ ბჰიშმა, კარნა, კრიპა, აშვათჰამა, ვიკარნა და სომადატის ძე, სახელად ბჰურიშრავა მოდის; თქვენ ომს მუდამ გამარჯვება სდევს.

შინა-არსი: დურიოდჰანა იხსენიებს გამოჩენილ გმირებს, რომლებიც ბრძოლის ველს მარად გამარჯვებულნი ტოვებენ. ვიკარნა დურიოდჰანას ღვიძლი ძმაა… (ა.შ.). კარნა არჯუნას ნახევარძმაა, სუნიტის ნაშობი, სანამ ეს უკანასკნელი მეფე პანდუს გაჰყვებოდა ცოლად. კრიპაჩარიას ჰყავდა ტყუპისცალი და, რომელიც დრონაჩარიას ცოლი იყო.

ლექსი 9
ბრძოლის ველზე საომრად შემართული დგას მრავალი სხვა გმირიც, რომლებიც – შესაფერისად მძიმედ აღჭურვილნი და სამხედრო საქმეში დახელოვნებულნი – მზად არიან, თავი გაწირონ ჩემთვის.

შინა-არსი: რაც შეეხება ჯაიადრათჰას, კრიტავარმას და შალიას, ისინი ცოდვილ
დურიოდჰანას მიემხრნენ და ამით თავადვე გადაწყვიტეს საკუთარი ხვედრი – კურუქშეტრას ველზე მათი დაღუპვა გარდუვალი იყო.

დურიოდჰანას კი მეგობრების ძალთა ერთობის იმედით საკუთარ გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა.

ლექსი 10
ჩვენი ძალმოსილება ზღვარდაუდებელია და ამასთან ბაბუა ბჰიშმაც ჩვენთან არის, პანდავების ძალები კი შეზღუდულია, თუმცა მათ საგულდაგულოდ მფარველობს ბჰიმა.

შინა-არსი: აქ დურიოდჰანა ერთმანეთს ადარებს ბრძოლის ასპარეზზე თავმოყრილ ორ საპირისპირო ძალას. თავის სამხედრო ძლიერებას ქებით მოიხსენიებს და მეტისმეტად აფასებს ერთობ დახელოვნებული სამხედრო პირის, ბაბუა ბჰიშმას, თანადგომას. მისი აზრით, პანდავები ვერ დაიკვეხნიან თავიანთი საომრად გაწყობილი ჯარით, თანაც მათი მფარველი ბჰიმა გამოცდილებით ვერ შეედრება კურუთა დამცველ ბჰიშმას.

დურიოდჰანა ყოველთვის მტრობდა ბჰიმას, რადგან იცოდა, განგების ნებით სიკვდილი მხოლოდ მისი ხელით ეწერა. ამდენად, ბჰიშმას მოიმედე თავის გამარჯვებას წინასწარ შეჰხაროდა და არცთუ უსაფუძვლოდ.

ლექსი 11
ახლა ყველა გაემზადეთ, რათა მხარში ამოვუდგეთ ბჰიშმას; როგორც კი ლაშქრის რიგები გაეწყობა, თქვენ მათ შუაში სტრატეგიული ადგილები დაიკავეთ.

შინა-არსი: ბჰიშმას სიმამაცის ქებით გული რომ იჯერა, – დანარჩენ მეომრებს თავი დამცირებულად რომ არ ეგრძნოთ, ჩვეულ ეშმაკობას მიჰმართა და მოლაშქრეებსაც თავიანთი წილი პატივი მიაგო. აუხსნა, რომ ბჰიშმადევა, მართალია, სწორუპოვარი მხედართმთავარია, მაგრამ ხანდახმული კაცი გახლავთ და მისი დაცვა ყველას ვალია. თუ ბჰიშმა ბრძოლაში უშუალოდ ჩაებმეოდა, მტერი ამით ისარგებლებდა და მთელ თავის ძალას მეორე ფლანგზე გადაიტანდა. აი, აქ იყო საჭირო სხვათა თავგამოდება, სტრატეგიული პოზიციების ისე გამაგრება, რომ მტერს საშუალება არ მისცემოდა – პანდავების განლაგებული რაზმების რკალი გაერღვია.

დურიოდჰანამ იცოდა, რომ საკუთარი გამარჯვება დიდად იყო დამოკიდებული მხედართმთავარ ბჰიშმადევაზე, დრონაჩარიაც მას დაეხმარებოდა და არა არჯუნას. ყველას კარგად ახსოვდა, რომ როდესაც არჯუნას ცოლს, დრაუპადის, მსოფლიოს ცნობილ მხედართმთავართა თავყრილობაზე გაშიშვლებას უპირებდნენ, უმწეო ქალი დამსწრეთ შველას შესთხოვდა, მაგრამ მოსხენიებულმა ორმა სარდალმა – ბჰიშმადევამ და დრონაჩარიამ – მის დასაცავად კრინტიც არ დაძრა.

დურიოდჰანას ხანდახან ეჭვი გაჰკრავდა ხოლმე – იქნებ ამ მხედართმთავრებს
პანდავებთან ძველი სიყვარული აკავშირებდათ, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, იმედოვნებდა, ისინი ამ გრძნობას გულიდან ამოიგდებდნენ, რაც უკვე გამოავლინეს საპაექრო შეხვედრების დროს.

ლექსი 12
მაშინ კურუთა დინასტიის დიდმა წინაპარმა – მამაცმა მხედართმთავარმა ბჰიშმამ
ძალუმად ჩაჰბერა თავის ნიჟარის საყვირს და ლომივით გრგვინვა-ღრიალი დააწყებინა. ამ ხმამ სიხარულით აღავსო დურიოდჰანას გული.

შინა-არსი: კურუთა მოდგმის მამამთავარს ესმოდა თავისი შვილიშვილის, დურიოდჰანას, აზრთა ჭიდილი და შფოთვა. ეწადა მისთვის გამამხნევებელი რამ ეთქვა, მაგრამ თავად ლომის დარმა ნიჟარა ლომივით ააღრიალა და ამით სიმბოლურად ამცნო დამწუხრებულ დურიოდჰანას, რომ ამ ბრძოლაში მისი მარცხი გარდუვალი იყო – პანდავების მხარეს თვით უზენაესი უფალი კრიშნა იდგა.

მიუხედავად წინასწარგანწირული ბრძოლისა ბჰიშმა ჰპირდებოდა, რომ თავის ვალს პირნათლად მოიხდიდა და კურუთა მხარეს თავდაუზოგავად იბრძოლებდა.

ლექსი 13
ამ გულისშემძვრელ ღრიალს მოჰყვა უამრავი ნიჟარის, დაფდაფის, ბუკის, საყვირისა და დუმბულის ყურისწამღები გრგვინვა.

ლექსი 14
მოპირდაპირე მხარესაც თეთრონი ჰუნეებით შებმულ ეტლში მსხდომმა კრიშნამ და არჯუნამ თავიანთ ტრანსცენდენტულ (ღვთიურ) ნიჟარებს ჩაჰბერეს.

შინა-არსი: ბჰიშმადევას ნიჟარისაგან განსხვავებით კრიშნასა და არჯუნას ნიჟარები ტრანსცენდენტულად იწოდება. ამ უკანასკნელთა ღვთიური ხმიანობა იმას აუწყებდა ყველას, რომ კურუებს გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონოდათ – უზენაესი ხომ პანდავების მხარეს იყო! ჯაიას ტუ პანდუ პუტრანამ იეშა პაქშე ჯანარდანა. პანდუს შთამომავალთ და მათ მსგავს მეომრებს მარადი გამარჯვება ახლავთ, რადგან უფალი კრიშნა თავის ერთგულთ განსაცდელში არ ტოვებს – განუყრელად მარად მათთან მყოფია. მათ ბედის ქალღმერთიც არ აშორებს მოწყალე თვალს. ამიტომ აუწყებდა ქვეყნიერებას ვიშნუს ნიჟარა არჯუნას გამარჯვებას და კურთხეულ ბედ-იღბალს.

ეტლი, რომელშიც უფალი და არჯუნა ისხდნენ, არჯუნას აგნიმ (ცეცხლის ქალღმერთმა) აჩუქა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ღვთიურ ეტლს სამი სამყაროს კიდეგანში ნებისმიერი მიწის დაპყრობა შეეძლო.

ლექსი 15
უფალმა კრიშნამ ანუ ჰრიშიკეშამ, ჩაჰბერა თავის ნიჟარას, რომელსაც პანჩაჯანია ერქვა, არჯუნამ კი – დჰანანჯაიამ – თავისას, რომელიც დევადატად იწოდება. ბჰიმამ, დევგმირული თავგადასავლებით გაუმაძღარმა, თავისი ზარდამცემი ნიჟარა, ანუ პაუნდრა ააგუგუნა.

შინა-არსი: ამ ლექსში კრიშნა ჰრიშიკეშადაა მოხსენიებული. ეს სიტყვა გრძნობათა გამრიგეს ნიშნავს. ვინაიდან ყველა სულდგმული უფლისაგან განუყოფელია, უზენაესის გრძნობებიც მათი გრძნობების მომცველია. იმპერსონალისტ მკვლევარებს ცოცხალი არსებების გრძნობათა ახსნა არ შეუძლიათ, ამიტომ ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ სულიერი არსებანი უპიროვნოა, მოკლებულია გრძნობებს.

უფალი ყოველი ცოცხალი არსების გულში სუფევს და თავისი თანამყოფობით წარმართავს მათ ქცევას, ფიქრსა თუ გრძნობებს. მაგრამ ეს ხდება იმის მიხედვით, თუ ცოცხალი არსება როგორ მიენდობა უზენაეს გამრიგეს. წმინდა ერთგულნი ბოლომდე, მთელი არსებით არიან მინდობილნი უფალზე და უფალიც უშუალოდ მართავს მათ. კურუქშეტრას ბრძოლის ველზე იგი
თავად განაგებდა არჯუნას ტრანსცენდენტურ გრძნობებს. ამიტომ ზოგჯერ კრიშნას მოიხსენიებენ ჰრიშიკეშად.

სხვადასხვა გარემოებისა თუ საქმიანობის შესაბამისად უფალს სხვადასხვა სახელს არქმევენ. მაგალითად, მას ჰქვია მადჰუსუდანა – დემონ მადჰუს მკვლელი; გოვინდა, ვინაიდან სიამოვნებას ანიჭებს ძროხებს და გრძნობათა გამრიგეა; ვასუდევა, რადგან ამ სამყაროს ვასუდევას შვილად მოევლინა; დევაკი-ნანდანა, ვინაიდან ვრინდავანში დევაკი ღვიძლ დედად აღიარა; იაშოდა-ნანდანა, რაკი ვრინდავანში ბავშვობის გართობების დროს დაასაჩუქრა იაშოდა… ბოლოს მას მოიხსენიებენ როგორც პართჰა-სარათჰის – არჯუნას მეეტლეს. სწორედ ასევე, ჩამოთვლილ მაგალითთა მსგავსად, კრიშნას უწოდებენ ჰრიშიკეშას, რადგან იგი უძღვებოდა არჯუნას მოსწრაფებებსა და ძალმოსილებას კურუქშეტრას ბრძოლის ველზე.

ამავე ლექსში არჯუნა მოხსენიებულია, როგორც დჰანანჯაია. ეს სახელი მას ეწოდა შემდეგნაირად: იგი ეხმარებოდა ქონების დაგროვებაში თავი უფროს ძმას, რომელსაც დიდი ხარჯი დასჭირდა სხვადასხვა მსხვერპლშეწირვის ჩასატარებლად. არჯუნას ამიტომაც დაარქვეს დჰანანჯაია – ქონების დამგროვებელი

ბჰიმა ცნობილი იყო, როგორც ვრიკოდარა, რაკი შეეძლო ძალიან ბევრი ეჭამა, მოეკრიბა ძალა და დევგმირული საქმეები ჩაედინა (თუნდაც დემონ ჰიდიმბას მოკვლა).

პანდავების მომხრეთა მიერ აგუგუნებული ყოველი ნიჟარა – დაწყებული უფლის ნიჟარით – მხნეობას ჰმატებდა ბრძოლის ველზე შეკრებილ მეომრებს. მათთან იყვნენ თავად უზენაესი უფალი და ბედის ქალღმერთი…

კურუთათვის საბედისწეროდ ღრიალებდნენ ნიჟარები – და ამცნობდნენ, რომ ისინი განწირულნი იყვნენ დასამარცხებლად.

ლექსები 16-18
კუნტის ძემ – მეფე იუდჰიშთჰირამ ჩაჰბერა თავის ნიჟარას – ანანტავიჯაიას, ნაკულამ და საჰადევამაც – სუგჰოშასა და მანიპუშპაკას. ჩაუქმა მშვილდოსანმა, კაშის მეფემ შიქჰანდიმ, დჰრიშტადიუმნამ, ვირატამ, დაუმარცხებელმა სატიკიმ, დრუპადამ, დრაუპადის ვაჟიშვილებმა და სხვებმა, სუბჰადრას მხარგრძელმა ძემ, ო მეფეო, რა ძალით აახმიანეს თავიანთი ნიჟარები?!

შინა-არსი: სანჯაიამ მორიდებით აუხსნა მეფე დჰრიტარაშტრას, რომ მისი მცდელობა პანდუს შთამომავალთა მოტყუებით საკუთარი შვილების სახელმწიფო ტახტზე დამკვიდრება – არაკეთილგონივრული იყო. მრავალი რამ უკვე აშკარად მიუთითებდა, რომ ამ დიდ ბრძოლაში ამოწყდებოდა კურუთა მთელი საგვარეულო მოდგმა – დაწყებული ბაბუა ბჰიშმათი, დამთავრებული შვილიშვილებით, როგორებიც იყვნენ აბჰიმანიუ და სხვები – მსოფლიოს
სხვადასხვა მეფეთა ჩათვლით.

ერთი სიტყვით, კურუთა დინასტია განწირული იყო. მთელი ამ უბედურების მიზეზი იყო მეფე დჰრიტარაშტრა, რადგანაც იგი თავისი შვილების განდიდების ცოდვილ გზას ადგა.

ლექსი 19
ამ ნიჟარების ერთობლივი ხმები სმენისწამღებ გრგვინვა-გრიალში გადაიზარდა, ცა და დედამიწა შეარყია და დჰრიტარაშტრას ძეთა გულებიც შეძრა.

შინა-არსი: ბჰიმასა და დურიოდჰანას სხვა მომხრეთა ნიჟარების ხმაზე პანდავები არ შემკრთალან – ასეთი რამ არსად არის აღნიშნული. სამაგიეროდ, ამ ლექსში ხაზგასმულია, რომ პანდავების მხრიდან ნიაღვარივით მოვარდნილმა გუგუნმა დჰრიტარაშტრას ვაჟებსა და მათ მომხრეებს თავზარი დასცა. ამის მიზეზი იყო პანდავების ძალმოსილება, რასაც მათ უფალი კრიშნასადმი რწმენა უნერგავდა და განუმტკიცებდა.

ჭეშმარიტებაა – ვინც უზენაესს შეაფარა თავი, უდიდესი განსაცდელის დროსაც კი არ დრკება.

ლექსი 20
ამ დროს პანდუს ძემ – არჯუნამ, რომლის ეტლზეც ჰანუმანის გამოსახულებიანი დროშა აღმართულიყო, მშვილდი გააწყო და სატყორცნად მოზიდა. თანაც, ო, მეფეო, როგორც კი თვალი მოავლო მტრის დაწყობილ რიგებს, ასე მიჰმართა უფალს.

შინა-არსი: ბრძოლა ის-ის იყო, უნდა დაწყებულიყო, რომ კურუს შთამომავალნი ერთხელ კიდევ დაფიქრდნენ თავიანთ ძალებზე და შეშფოთდნენ, რადგან მათ წინ საომრად გაწყობილ პანდავებს თვალი ჰკიდეს. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რაკი ამ უკანასკნელთ თავად კრიშნა მეთაურობდა. არჯუნას დროშაზე მაიმუნის ემბლემაც გამარჯვების მაუწყებელი კიდევ ერთი ნიშანი იყო. ცნობილია, რომ ჰანუმანი უფალ რამას ეხმარებოდა რავანასთან ბრძოლაში და გამარჯვებაც მოიპოვა. ახლა კი უფალი რამა, ანუ კრიშნა, და ჰანუმანიც არჯუნას ეტლში ბრძანდებოდნენ.

სადაც არ უნდა იყოს უზენაესი უფალი, მასთან არიან მისი განუყრელი, მარადიული მსახური ჰანუმანი და მისი მარადიული მეუღლე სიტა – ბედის ქალღმერთი. ამიტომ არჯუნას არავითარი საბაბი არ ჰქონდა, მტრის ძალას შეეშინებინა იგი – მასთან ხომ თავად კრიშნა იყო! მთავარი იყო, არჯუნას ბრძოლის წინ და შეკრების დროსაც სწორი არჩევანი გაეკეთებინა. გამარჯვება კი გარდუვალი იყო, რადგანაც უფალი თავის მარადიულ ერთგულს საამისო ძალას მისცემდა.

ლექსები 21-22
არჯუნამ სთხოვა კრიშნას: ო აჩიუტა – უცდომელო, გთხოვ, ეტლით გამიყვანე საომრად გაწყობილ ორ ლაშქარს შორის, რათა ახლოს ვიხილო ბრძოლას მოწყურებული მეომრები, რომლებთანაც მომიწევს დაუნდობელი ომი.

შინა-არსი: თუმც უფალი კრიშნა უზენაესი ღმრთაებრივი პიროვნებაა, თავისი წყალობით, რომელსაც რაიმე მიზეზობრივი ახსნა არ გააჩნია, საკუთარ მეგობარს მსახურად დაუდგა. უნაკლოა მისი სასიყვარულო ურთიერთობა საკუთარ ერთგულებთან! მას, როგორც მეეტლეს, არჯუნას ბრძანებები ზუსტად უნდა შეესრულებინა. ასეც იქცეოდა, ამიტომაც ლექსში უცდომელის – აჩიუტას სახელით იხსენიება.

მართალია, უფალი თავისი ერთგულის ეტლში იდგა, როგორც მსახური, მაგრამ განა რაიმე ეჭვს აღძრავს, რომ ის აქაც და ნებისმიერ ვითარებაშიც რჩება უზენაესად – ღმრთაებრივ პიროვნებად, ჰრიშიკეშად – ყველა სულდგმულის გრძნობათა მეუფედ. ურთიერთობა კრიშნასა და მის ერთგულთ შორის უზადოდ ნეტარი და ღვთაებრივია. ერთგული მარად მისი წმინდა
მსახურებისთვისაა მზად და უფალიც არასოდეს ტოვებს მას განსაცდელში. უფრო მეტიც – მას უფრო სიამოვნებს, როცა ერთგულის სურვილებსა და მითითებებს ასრულებს, ვიდრე თავად მბრძანებლობდეს. მას ეს არც სჭირდება – თავად ყოვლისმპყრობელს თავისთავად ყველა ემორჩილება, არავინ აღემატება მას და ვერც მისი მბრძანებლობის გალავანს გაარღვევს. მაგრამ თავად თავისი ღვთიური გულმოწყალების გამო, როდესაც ერთგულის თხოვნას ან მითითებას ასრულებს, იგი ტრანსცენდენტური ნეტარებით აღივსება.

როგორც უფლის წმინდა ერთგულს, არჯუნას საერთოდ არ ეწადა ღვიძლ ძმებთან და ბიძაშვილებთან ბრძოლა, მაგრამ უხიაგი დურიოდჰანას გამო, რომელიც ჯიუტად უარყოფდა რაიმე მშვიდობიან მორიგებას, იძულებული გახდა საომრად აღჭურვილიყო.

აი, ახლა საომარი ეტლით იდგა ორ ლაშქარს შორის და ერთი სული ჰქონდა, თვალი შეევლო ბრძოლის ველზე გამოსული მეთაურებისათვის. თუმც სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკების წინ შერიგებაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა, არჯუნას შეგნებაში მაინც ღვიოდა იმედის ნაპერწკალი – იქნებ მოწინააღმდეგეც ყოყმანობდა ძმათამკვლელი ომის წინ.

ლექსი 23
უნდა საკუთარი თვალით ვიხილო ისინი, ვინც საბრძოლველად შემართულან, რათა ასიამოვნონ დჰრიტატაშტრას ბოროტ ნაშიერს.

შინა-არსი: აღარავისათვის იყო საიდუმლო, რომ დურიოდჰანა მამამისთან – დჰრიტარაშტრასთან ერთად აწყობდა მზაკვარ გეგმებს, რათა პანდავების კუთვნილ სამეფო ტახტს უკანონოდ დაჰპატრონებოდნენ. რა თქმა უნდა, ვინც მათ მიემხრო, მათივე ყაიდის ხალხი უნდა ყოფილიყო. სწორედ მათი ნახვა ეწადა არჯუნას ბრძოლის წინ; ამ დროს ის შეთანხმებაზე არც ფიქრობდა. მათი თვალის გადავლებით მოწინააღმდეგის ძალების შეფასებაც უნდოდა, თუმც ეჭვი არ ეპარებოდა საკუთარ გამარჯვებაში – კრიშნა მასთან იყო!

ლექსი 24
სანჯაიამ განაგრძო: ო ბჰარატას შთამომავალო, არჯუნას ამ თხოვნის შემდეგ უფალმა კრიშნამ თავისი სწორუპოვარი ეტლი საომრად განლაგებულ სპათა შუა გაიყვანა.

შინა-არსი: ამ ლექსში არჯუნა გუდაკეშად იხსენიება. გუდაკეშა ნიშნავს ძილს. ვინც
ძილს ამარცხებს, გუდაკეშას ეძახიან. ძილი უგუნურების, მოდუნების ნიშანიც არის. კრიშნასთან მეგობრობით არჯუნამ შეძლო დაეძლია ძილიც და უგუნურებაც. როგორც უფლის პირუთვნელ ერთგულს, მას წამითაც არ ამოვარდნია გულისყურიდან უფალი – ასეთია ჭეშმარიტი მსახურის არსი. ძილში თუ ცხადში იგი მუდამ კრიშნას სახელზე, ფორმებზე, თვისებებსა და გართობებზე ფიქრობდა, რითაც ძილსა და უაზრო, უგუნურ ყოფნას ამარცხებდა. ამას ეწოდება კრიშნას ცნობიერება, ანუ სამადჰი.

როგორც ჰრიშიკეშამ – ყოველი სულდგმულის გრძნობათა და ჭკუის მპყრობელმა – იცოდა, რატომ სთხოვა არჯუნამ ეტლით ლაშქართა შორის გაყვანა. მან თხოვნა შეუსრულა თავის ერთგულს.

ლექსი 25
ბჰიშმას, დრონას და სამყაროში სახელგანთქმული სარდლების გასაგონად უფალმა უთხრა არჯუნას: თვალნი მიაპყარ, პართჰა! ხედავ, როგორ შეყრილა ერთად კურუს მთელი მოდგმა.

შინა-არსი: როგორც ყოველი ცოცხალი არსების ზესულს, უფალ კრიშნას ესმოდა, რას განიცდიდა ან რა აფიქრებდა არჯუნას. აქ ნახმარი სიტყვა ჰრიშიკეშაც ამაზე მიუთითებს – იგი ხომ ყოვლისმცოდნე გულთამხილავია!

საყურადღებოა არჯუნასთან დაკავშირებული სიტყვა პართჰა – იგი კუნტის შვილი და ვასუდევას დისწულია. ე.ი. კრიშნა არჯუნას მეგობარიც არის და ნათესავიც – მამიდაშვილად ეკუთვნის თავისი ერთგული; ამიტომაც დათანხმდა, ყოფილიყო მისი მეეტლე.

რას გულისხმობდა უფალი, როცა არჯუნას ყურადღებას მიაპყრობდა ბრძოლის ველზე განლაგებული მოწინააღმდეგის რაზმებზე – შეხედე, აქ კურუს მთელი მოდგმააო. იქნებ სურდა არჯუნა შეეჩერებინა, ხელი აეღებინებინა ძმათამკვლელ ომზე?! არა! კრიშნა არც მოელოდა თავისი მამიდაშვილისაგან ამგვარ საქციელს. რა იყო ეს? იქნებ მეგობრული გახუმრება, რაკი იცოდა, რომ არჯუნას სწორედ კურუთა თავყრილობა ეცემოდა თვალში და თავად მიუთითა მათზე.

ლექსი 26
იქ, სპათა გასაყარზე მდგარმა მიმოიხედა და ორივე მხარეს თავისი ბაბუები, მოძღვარნი, დედის ძმები; ძმები და ძმისშვილები, შვილიშვილები, მეგობრები და სხვა ახლობლები დაინახა.

შინა-არსი: ბრძოლის ველზე არჯუნას მთელი თავისი ნათესაობა დახვდა. აქ იყო
ბჰურიშრავა, რომელიც მამამისის თანატოლი იყო, ბაბუები – ბჰიშმა და სომადატა, მოძღვრები – დრონაჩარია და კრიპაჩარია, ბიძები დედის მხრიდან – შალია და შაკუნი, ძმები, როგორიც იყო დურიოდჰანა, შვილები – ლაქშმანა, მეგობრები – აშვატთჰამა, კეთილისმსურველები – კრიტავარმა და ა.შ. იგი ხედავდა რაზმებსაც, რომელშიც ბევრი მისი მეგობარი ერია.

ლექსი 28
არჯუნამ თქვა: ჩემს წინაშე მდგომი ბრძოლის ჟინით შეპყრობილი მეგობრებისა და ნათესავების შემყურეს მუხლები მეკვეთება და პირი მიშრება.

შინა-არსი: უფლის ყველა გულწრფელი ერთგული ზეციური (ღვთიური) არსებების – ნახევარღმერთების ღირსებებს ფლობს, არაერთგულნი კი, რაგინდ დიდ მიწიერ წარმატებებს აღწევდნენ განათლების, კულტურის თუ მეცნიერების რომელიმე სფეროში, ღვთიურ მადლს მოკლებულნი არიან. როცა არჯუნამ ბრძოლის ველზე ერთმანეთის სისხლს დახარბებული ნათესავები და ახლობლები იხილა, მაშინვე სინანულმა და თანაგრძნობამ შეძრა მისი
ბუნება. მას თავისი მეომრების ხვედრი თავიდანვე აწუხებდა, გული შესტკიოდა მათზე, მაგრამ მოწინააღმდეგის მებრძოლებიც შეეცოდა, გარდუვალი სიკვდილის ლუკმად რომ უნდა ქცეულიყვნენ ცოტა ხანში. ხელ-ფეხი აუკანკალდა და პირი გაუშრა.

მას თავზარი დასცა საომრად გამოსული ადამიანების სისხლით და ხორცით ერთმანეთის ნათესავების საბრძოლო შემართებამ. სწორედ ამან შეაძრწუნა უფლის ერთგული, სიკეთით სავსე არჯუნა. ადვილი წარმოსადგენია, რომ მას არა მარტო ხელ-ფეხი უთრთოდა და პირი უშრებოდა, ალბათ, სიბრალულის ცრემლებსაც ღვრიდა. მაგრამ ეს ხდებოდა არა მისი უნარიანობისა და სისუსტის, არამედ ადამიანური გულჩვილობის გამო. აი, ეს არის წმინდა ერთგულის თვისება.

ნათქვამია ღმრთაებრივი პიროვნების პირუთვნელი ერთგული ნახევარღმერთებისათვის დამახასიათებელი ყველა კარგი თვისებითაა შემკული, ხოლო ის, ვინც უფლის მსახურებას გაურბის, მხოლოდ მიწიერ სწრაფვათა მონაა და არავითარი სულიერი ღირსება არ გააჩნია.” ამის მიზეზი ის არის, რომ ასეთი კაცი ნიადაგ ამქვეყნიურ წრებრუნვაში დაეხეტება და მხოლოდ თვალისმომხრელი მაცდური მიწიერი ენერგია იზიდავს (ბჰაგ. 5.18.12).

ლექსი 29
მთელი სხეული მიკანკალებს და კანი მიხურს, თმები ყალყზე მიდგება, მშვილდი განდივა ხელიდან მივარდება.

შინა-არსი: ადამიანს სხეული უკანკალებს და თმა ყალყზე უდგება ან მძაფრი სულიერი აღტყინების ან ძლიერი შიშის დროს. ტრანსცენდენტური შემეცნების გზაზე შიში არ განიცდება, მას მხოლოდ მიწიერი პირობებით გამოწვეული ელდა განაცდევინებს კაცს. ამ შემთხვევაში არჯუნას შიში ახლობელთა სიცოცხლის მოსალოდნელი ხელყოფით არის გამოწვეული. მისი განცდა იმდენად ძლიერი იყო, რომ ათრთოლებული ხელებიდან მშვილდი
განდივა უვარდებოდა. განსაცდელის მოლოდინში გული ეწვოდა და მის კანზეც ეს მწველი განცდა გადადიოდა. ეს შეგრძნებები სიცოცხლეზე მატერიალური შეხედულებების შედეგი გახლდათ.

ლექსი 30
ო, კრიშნა – დემონ კეშის შემმუსვრელო! აქ გაჩერება აღარ შემიძლია, თავგზა აბნეულს გონება მებინდება და თვალწინ მხოლოდ ავბედითი განსაცდელი მესახება.

შიან-არსი: არჯუნას მოთმინება აღარ ჰყოფნიდა, ბრძოლის ველზე ვეღარ ჩერდებოდა, ჭკუა ებინდებოდა, თავს ვერ ერეოდა – ასეთი შფოთვა-დრტვინვის მიზეზი შემდეგი რამ იყო: ყოველივე მატერიალურზე მეტისმეტად მიჯაჭვულ ადამანს ასეთ მძიმე მდგომარეობაში მოხვედრისას გაძლების სულიერი ძალა არ ჰყოფნის. ბჰაია დვიტიაბჰინივიატა სიატ (ბჰაგ. 11.2.37). შიშისაგან დაზაფრულს გონება აღარ უჭრის და წონასწორობა ეკარგება მაშინ, როცა პიროვნება ხორცისმიერ ტყვეობას ნებით ირჩევს.

არჯუნა ბრძოლის ველზე – ორი ლაშქარის გასაყარზე – მდგომი აუტანელ ტანჯვას
განიცდიდა. იმასაც გრძნობდა, რომ ვერც მტერზე გამარჯვების შემდეგ იქნებოდა
ბედნიერი. მნიშვნელოვანია ამ ლექსში სიტყვები: ნიმიტტანი ვიპარიტანი – როდესაც ადამიანი მომავალში მხოლოდ იმედების გაცრუებას ელის, ეჭვი ღრღნის მის შეგნებას – საერთოდ რატომ ვარსებობ?!ასე რწმენადაშრეტილი მაშინ არის პიროვნება, როდესაც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს, მისი ფიქრი მხოლოდ მისსავე გარშემო ტრიალებს და არ აინტერესებს უზენაესი ღმრთაებრივი პიროვნება.

კრიშნას ნებით, არჯუნამ – საომარ ეტლზე აღმართულმა – გამოავლინა საკუთარი მიწიერი ინტერესების უაზრობა. ყოველი ცოცხალი არსების ფიქრი ვიშნუსკენ, ანუ კრიშნასკენ უნდა იყოს მიპყრობილი. განპირობებული სულს ავიწყდება ეს და ხორცისმიერი ტკივილებით იტანჯება. არჯუნას იმის იმედიც კი გადაწურული ჰქონდა, რომ მტერთაძლევა სიხარულს მოუტანდა.

ლექსი 31
ო, სწორუპოვარო კრიშნა! ჩემი გონება ვერ აცნობიერებს, თუ რა სიკეთეს მოგვიტანს ბრძოლაში საკუთარი ნათესავების ამოხოცვა. განა ასეთი უგუნურების შემდეგ რაიმე ფასი ექნება გამარჯვებას, სამეფო ხელმწიფებას?! ან საერთოდ სისხლიანი ბედნიერება გაგონილა!..

შინა-არსი: ცოცხალი არსებების ინტერესები ვიშნუს ანუ კრიშნასკენ უნდა იყოს
მიმართული. განპირობებულმა სულებმა ეს არ იციან – მათ იზიდავთ ხორცისმიერი ნათესავები და ბედნიერების მოპოვებასაც მხოლოდ მათთან სიახლოვე-ურთიერთობით ცდილობენ. საკუთარ სიცოცხლეზე ასეთი ბრმა შეხედულების გამო ავიწყდებათ, რომ თვით მიწიერი, ამქვეყნიური ბედნიერების საწინდარი მხოლოდ უფლის ერთგულებაა.

როგორც ჩანს, ძმათამკვლელი ომის მომლოდინე არჯუნას ქშატრიების ზნეობრივი კანონებიც დაავიწყდა.

ცნობილია, რომ არსებობენ ორი ჯგუფის ადამიანები: ქშატრიები, რომელნიც უზენაესის გარდუვალი ნებისამებრ ბრძოლის ველზე ამთავრებენ სიცოცხლეს, და ისინი, ვინც განდეგილის წესით ცხოვრობს, თავის სიცოცხლეს მხოლოდ სულიერ განწმენდა-ამაღლებას უძღვნიან და ღირსქმნილი აღწევენ პლანეტა მზეს – კაშკაშა სხივმფინარებით გამორჩეულს.

არჯუნას ისე აებნა თავგზა, არა თუ ნათესავების, მტრის მოკვლაც აღარ შეეძლო. მას ჩაუქრა ბრძოლის ჟინი და დაემსგავსა კაცს, რომელსაც შიმშილის გრძნობა არ აწუხებს და ამიტომ არც საჭმლის მომზადების სურვილი ჰქონდა. ცნობილია, რომ ადრე იმედებგაცრუებულმა არჯუნამ ტყეში წასვლა და უკაცრიელ ადგილას განდეგილად ცხოვრება განიზრახა, მაგრამ როგორც ქშატრიას საარსებოდ სამეფო სჭირდებოდა (წერილთა წესთა მიხედვით, ქშატრიებს არ ჰქონდათ სხვა საქმიანობის უფლება, თუ არა ბრძოლისა და ხელისუფლების წარმართვისა). არჯუნას კი არ ჰქონდა სამეფო, რომლის მოპოვების ერთადერთ გზად
ბიძაშვილებთან და ძმებთან ომი რჩებოდა – ასე უნდა დაებრუნებინა მამისაგან
მემკიდრეობად ბოძებული სამეფო ტახტი. არჯუნას არ შეეძლო ამ სისხლიანი გზით ხელთ აეღო ძალაუფლება, ამიტომაც გადაწყვიტა, ტყეს შეჰკედლებოდა და ამაოებათაგან განრიდებულს ეცხოვრა.

ლექსები 32-33
ო, გოვინდა!.. რა თავში ვიხლი სამეფო ბედნიერებას ან თვით სიცოცხლესაც კი, როდესაც ბრძოლის ველზე ჩვენს შესამუსრავად ამხედრებულან ისინი, ვისთან ერთადაც წუთისოფელი განცხრომით უნდა გაგველია.

ო, მადჰუსუდანა, როდესაც მოძღვარნი, მამა-პაპანი, შვილები თუ შვილიშვილები, დედის ძმები, სიმამრები, სიძეები და სხვა ახლობლები აღჭურვილან და მზად არიან საკუთარი სიცოცხლეც დათმონ. ჩემს წინაშე ჩამწკრივებულან სისხლსმოწყურებულნი… ნუთუ შეიძლება მე, მათს სისხლსა და ხორცს, აღმეძრას სურვილი მათი დახოცვისა, თუმცა ვიცი, რომ მათ ჩემი მოკვლის მოლოდინში იარაღზე დადებული ხელები უთრთით.

ო, ყოველთა მასულდგმულებელო! მე ამას არ ვიქმ. არ აღვმართავ მათზე სიკვდილის მახვილს არა მარტო დედამიწის, არამედ სამყაროს სამივე სკნელის დასაპყრობადაც კი. რა სიხარული უნდა მოგვანიჭოს დჰრიტარაშტრას ძეთა გაჟლეტამ?!

შინა-არსი: არჯუნამ უფალ კრიშნას უწოდა გოვინდა, რადგან იგი ითვლება ძროხებისა და სხვა სულდგმულთა სიამოვნების წყაროდ. ამ მნიშვნელოვანი სიტყვით არჯუნას ეწადა უზენაესი ჩასწვდომოდა მის ყოყმანსა და გულისტკივილს და რაიმე ეშველა მისი აშლილი განცდებისათვის. მაგრამ გოვინდას მოვალეობა არის არა ჩვენი გრძნობების დაკმაყოფილება – ეს ჩვენ უნდა მივანიჭოთ მას კმაყოფილება, რითაც ჩვენი აფორიაქებული გულიც დაცხრება. მატერიალური კეთილდღეობის მოსურნენი თავად საკუთარი გრძნობების ყურმოჭრილ მონებად ქცეულან და უნდათ, რომ უფალი მათ მოთხოვნებს ასრულებდეს. უფალი კი იმდენად იქნება სულიერი არსებების მიმართ კეთილგანწყობილი,
რამდენადც ისინი ამას იმსახურებენ, არა იმდენად, რამდენადაც გზააბნეულთ საკუთარი ხორცის ზეიმისათვის სწადიათ დახმარება.

თუ ადამიანი საკუთარ გრძნობათა ტყვეობას თავს დააღწევს და მთელი არსებით უზენაესის მსახურებას მიეცემა, მაშინ უფლის წყალობა უხვად გადმოვა მასზე და ყველა სურვილი აღუსრულდება.

არჯუნა ძლიერ იყო მიჯაჭვული თავის საგვარეულო ერთობასა და ოჯახის წევრებზე, მათდამი სიბრალულის გრძნობაც ამიტომ თრგუნავდა მის საბრძოლო შემართებას და მარჯვენა უდუნდებოდა. მას იმისაც ეშინოდა, რომ თუკი ომში ყველა თავისიანს ამოწყვეტდა, ძლევამოსილ გამარჯვებას მოიპოვებდა, სიხარულს მაინც ვერ ეზიარებოდა. ან კი მარტოსულად დარჩენილს ვისთვისღა უნდა გაეზიარებინა ეს სიხარული, ვისთან ერთად
ეგრძნო განცხრომა თავისი სიმდიდრით. ასეთი ფიქრები მატერიალური ყოფიერების შვილთათვის ბუნებრივია. ტრანსცენდენტური გაგება ყოველგვარი პატივისა და სიმდიდრისა სხვაა – თუ ადამიანი უფლის ერთგულია და მისი მსახურების მიზანი მხოლოდ უზენაესის სურვილების აღსრულებაა, უზენაესისავე ნებით ყოველგვარ სიმდიდრეს მიიღებს, ერთი გროშიც კი არ მიეცემა კაცს უფლის სურვილის გარეშე.

არჯუნას, როგორც ითქვა, თავისიანებზე სასიკვდილო მახვილის აღმართვა არ უნდოდა და თუ მაინცდამაინც გარდუვალი იყო კურუთა მოდგმის განადგურება, თავად უფალს აღესრულებინა ეს. არჯუნაც არც კი იცოდა, რომ კრიშნას მათი ბედი უკვე გადაეწყვეტილი ჰქონდა – ყველა მოწინააღმდეგე ბრძოლის ველზე გამოსვლამდე მოკლული ჰყავდა და რომ არჯუნა მხოლოდ უფლის განაჩენის აღმსრულებელი უნდა გამხდარიყო. ეს ყოველივე ნათელი გახდება მომდევნო თავებში.

რაკი არჯუნა ბუნებით უფლის ერთგული იყო, მისი ღვთიური მადლით ცხებულს არ შეეძლო თავისი ხარბი ბიძებისა თუ ძმებისათვის სამაგიეროს გადახდა. უფალს კი თავისი უზენაესი განჩინებით მათი ამოწყვეტა ჰქონდა განზრახული. უფლის ერთგულს უჭირს შურისძიება, უფალი კი არავის აპატიებს უკეთურობას, რასაც უზენაესის ერთგულებს აყენებენ არამზადები.

უფალმა შეიძლება საკუთარი წყენა მიუტევოს ვინმეს, მაგრამ თავისი ერთგულისადმი უდიერებას არავის შეარჩენს.

კურუს შთამომავალნი გაუმაძღარი არამზადები იყვნენ – უფლის გულთამხილაობას არაფერი გამოეპარება – ამიტომაც გადაწყვეტილი იყო მათი ბედი: უნდა აღსრულებულიყო კრიშნას რისხვა მიუხედავად იმისა, რომ გულმოწყალე არჯუნას მათი პატიება სურდა.

ლექსი 36
თუმც ბოროტისმქმნელნი არიან ჩვენი მტრები, მაგრამ მათი სიცოცხლის ხელყოფით ცოდვა ჩვენც მოგვეწევა. არ შეგვფერის დჰრიტარაშტრას ძეთა დახოცვა. ო, კრიშნა, ბედის ქალღმერთის მეუღლევ, საკუთარ ნათესავთა სისხლის დამაქცევარნი როგორღა ვიქნებით ბედნიერნი?!

შინა-არსი: ვედების მიხედვით, არსებობს ექვსი სახის ბოროტმოქმედი: სხვის
მომწამვლელი, სხვისი სახლისთვის ცეცხლის გამჩენი, იარაღით თავდამსხმელი, ქონების მპარავი, სხვათა მიწის დამპყრობი და სხვის ცოლის მიმტაცებელი. ასეთი ცოდვისმოქმედნი უსათუოდ უნდა ამოიძირკონ საზოგადოებიდან და ვინც ამას ჩაიდენს, მადლად ჩაეთვლება. ეს ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიასათვის გასაგებია. მაგრამ არჯუნა უბრალო პირი არ იყო – მას წმინდანის ბუნება ჰქონდა და წმინდანივით უნდოდა მოქცეოდა მზვაობარ მტრებს. ასეთი რამ კი ქშატრიის მოწოდებას არ ეთანადება. თუმცა ქვეყნის ხელმწიფე თავისი პატიოსნებით უნდა გამოირჩეოდეს, მას არ შეშვენის
გულჩვილობა, საიდანაც სიმხდალემდე ერთი ნაბიჯია.

მაგალითად, უფალი რამა იმდენად დიდი წმინდანი იყო, რომ ხალხი დღესაც ნატრობს მის სამეფოში (რამა-რაჯიაში) ცხოვრებას. მაგრამ რამა არც გულჩვილი ყოფილა და არც მხდალი. როცა რავანამ ბოროტება ჩაიდინა და მეუღლე სიტა მოსტაცა, უფალმა მას გაუგონარი სისასტიკით გადაუხადა.

არჯუნას მოწინააღმდეგენი განსაკუთრებული მზაკვრობით გამოირჩეოდნენ, მათი ბოროტება არ იყო ჩვეულებრივი – ამიტომაც არ უნდოდა არჯუნას, ისინი დასჯილიყვნენ, როგორც უბრალო დამნაშავენი. ასეთი მიმტევებელი უნდა იყოს ყველა მორწმუნე – ეს ყოველგვარ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მნიშვნელოვანია. ეს ვედური დანაწესია.

არჯუნაც, რელიგიით შთაგონებული და ვედური დანაწესების მიმდევარი გაცილებით მნიშვნელოვნად თვლიდა, ეპატიებინა მტრისთვის. დროებითი ხორცისმიერი კმაყოფილება და ბედნიერება მისთვის მიუღებელი იყო. ამ გზით მოპოვებული პატივი, სამეფოები და განცხრომა ამაო იყო და წარმავალი. მაშ, ღირდა კი, არჯუნას ნათესავების ამოხოცვით გაეწირა საკუთარი სულის მარადიული სიმშვიდე და ხსნა?!

არჯუნამ კრიშნას მიმართა, როგორც მადჰავას ანუ ბედის ქალღმერთის მეუღლეს. ამით მას სურდა, უფალს, რომელიც მეუღლე იყო ადამიანთა ბედის გამრიგე ქალღმერთისა, ეზრუნა მის ბედზეც და არ ჩაედენინებინა ის, რაც მომავალში სამუდამ ტკივილსა და სინანულს განუმზადებდა.

კრიშნასთვის ასეთი თხოვნა ზედმეტი იყო – ის არასოდეს ივიწყებს თავისი ერთგულის ბედს, არასოდეს არავისთვის მოაქვს უბედურება!

ლექსები 37-38
ო, ჯანარდანა, ჩვენს მტრებს გულები მუხთალი სიხარბით უსკდებათ, საკუთარი
საგვარეულოს მოსპობაში ვერ ხედავენ რაიმე საძრახისსა და ცოდვიანს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რა ცოდვას დავიდებთ ასეთი დანაშაულის ჩადენით. მაშ, რატომ ზურგს არ შევაქცევთ ასეთ ძმათამკვლელ ომს?!

შინა-არსი: ქშატრიამ, თუ ბრძოლაში ან აზარტულ თამაშში გამოიწვევს ვინმე, უარი არ უნდა თქვას. არჯუნაც ქშატრია იყო და უარს ვერ იტყოდა იმ ბრძოლაზე, რომელიც დურიოდჰანას მომხრეებმა წამოიწყეს ისე, რომ ვერც ხვდებოდნენ, რა მოჰყვებოდა ამ გადაწყვეტილებას. არჯუნა კი წინასწარ ჭვრეტდა ყოველივეს და უარს ამბობდა კურუებთან შერკინებაზე.

მოვალეობის შესრულება მაშინაა ადვილი, როცა მას სასიკეთო შედეგები მოჰყვება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არავის უნდა სული დაიმძიმოს ცოდვებით. არჯუნაც ამას ერიდებოდა.

ლექსი 39
დავუშვათ, ამოვწყვიტეთ მთელი საგვარეულო, ამით ხომ მოდგმის საუკუნოვანი ტრადიციები შეიბღალება ან მოისპობა. გადარჩენილი შთამომავალნი ურწმუნოებისა და უწესრიგობის ჭაობში ჩაეფლობიან.

შინა-არსი: ვარნაშრამას საზოგადოების სისტემაში მოცემულია მრავალი რელიგიური თუ ყოფითი ტრადიცია, რომლის მიზანია ოჯახის წევრების სწორი აღზრდა, განსაკუთრებით სულიერი სრულყოფისაკენ გზის გაკვალვა. ასეთი განწმენდი უწყვეტი პროცესი გრძელდება ადამიანის დაბადებიან თვით სიკვდილამდე. ამ წესების შეუბღალავად დაცვაზე ოჯახის უფროსი წევრები აგებენ პასუხს.

არჯუნას აშფოთებდა ის, რომ თუ კურუთა მოდგმის დიდი ნაწილი ამოწყდებოდა, შეწყდებოდა მათი ძირძველი საგვარულო ტრადიციებიც და გადარჩენილი თაობები დაადგებოდნენ ურწმუნოების გზას, რითაც სამუდამოდ წარიკვეთდნენ სულის მარადიული ხსნის იმედს. ამიტომ არ შეიძლებოდა ოჯახური ერთობის უფროს წევრთა ამოხოცვა.

ლექსი 40
როდესაც ოჯახში ურწმუნოება დაიდებს ბინას, ო, კრიშნა, ვრიშნას შთამომავალო, ქალები ბიწიერების გზას ადგებიან, მათი ბინძური წიაღიდან მანკიერი თაობები მრავლდებიან.

შინა-არსი: სულით და ხორცით ჯანსაღი კაცობრიობის მშვიდობის, კეთილდღეობისა და სულიერი აღორძინების საფუძველია ვარნაშრამას რელიგიური პრინციპების დაცვა. ამ წმინდა პრინციპებით, ქვეყნისა და საზოგადოების საყოველთაო სულიერი ამაღლების ჟამი მაშინ დგება, როცა ღირსეულნი სჭარბობენ უღირსთ. ასეთი მოსახლეობის მომრავლების
თავწყარო ქალია – მისი სიწმინდე და ერთგულება. მაგრამ ქალს – როგორც ბავშვებს ახასიათებთ – გაუწონასწორებელი ბუნება აქვთ და იოლად გადასცდებიან ხოლმე თავიანთი წმინდა მოვალეობის გზიდან. ამიტომ ბავშვებსაც და ქალებსაც ოჯახის უფროს წევრთაგან მუდმივი თვალყური სჭირდება.

თუ ქალი რელიგიური წესების შესრულებით ან სხვა საქმიანობით ხშირად იქნება
დაკავებული, იგი მრუშობისა და თავქარიანობის დროს ვერ იპოვის. ჩანაკია პანდიტის აზრით, ქალები მყარი გონიერებით არ გამოირჩევიან და მათი ნდომა, თავის ნებაზე მიშვება არ შეიძლება. ოჯახში, სადაც რელიგიურ ტრადიციებს იცავენ, აღასრულებენ სარწმუნოებრივ წესებს და ამაში ქალები მონაწილეობენ, ამ უკანასკნელთ ქარაფშუტობის დრო აღარ რჩებათ, მთელი არსებით ღვთის მსახურებას ეძლევიან და თავად სულიერადგანწმენდილნი ბადებენ ვარნაშრამას სისტემისათვის შესაფერის თაობებს.

ვარნაშრამა-დჰარმას დაცემასთან ერთად, ბუნებრივია, ქალები თავისუფლებას იძენენ, ოჯახის გარეთ ეძებენ გართობას, არ ერიდებიან სიძვას და თავად მოკლებულნი სულიერების მადლს, შთამომავლობასაც მანკიერსა და ურწმუნოს ამრავლებენ. Eეს საზოგადოებისთვის უდიდესი საშიშრეობაა. თავქარიანი მამაკაცებიც ხელს უწყობენ გარყვნილებას და მრავლდება სულითხორცამდე დასნებოვანებული კაცთა მოდგმა, რასაც თან სდევს ომებისა და ეპიდემიების საშიშროება.

ლექსი 41
მანკიერთა და მკვლელთა მოჭარბება ძირშივე მოარყევს ოჯახისა და მისი ტრადიციების ბალავარს. თვით დამანგრეველთა სიცოცხლე ჯოჯოხეთად იქცევა, ასე წახდებიან მოდგმათა წინაპრები და ქვეყნად აღარავინ იბოგინებს ისეთი, მათ წყლის ყლუპი და პურის ლუკმა შესთავაზოს.

შინა-არსი: კარმიული საქმიანობის წესებისა და წესრიგის თანახმად, ოჯახის
წინაპართათვის ხანდახან საჭმლისა და წყლის შეთავაზებაა საჭირო. ამ ტრადიციის შესრულება ვიშნუს თაყვანისცემით ხდება, ვინაიდან უზენაესისათვის შეთავაზებულ კერძს შემდეგ ვინც მიირთმევს, შეძლებს ყოველგვარ ცოდვათაგან განწმენდას.

ზოგჯერ წინაპრები მრავალი ცოდვით არიან დამძიმებულნი, რის გამოც ზოგი მათგანი უხეშ, მატერიალურ სხეულსაც კი ვერ ეღირსება და იძულებულია მქრქალ საბურველში გამოხვეული მოჩვენებასავით იფარფატოს აღმა-დაღმა.

ამრიგად, როდესაც შთამომავლები თავიანთ წინაპრებს პრასადს სთავაზობენ, წინაპრები თავს აღწევენ მოჩვენებებად ყოფნასა თუ სხვა სახის საშინელ განსაცდელს. ადამიანთა მიერ ერთმანეთისათვის ასეთი დახმარება ოჯახური ტრადიციაა – საუკუნეთა მიღმა შრეებიდან მომდინარე – და ვინც ღვთის ერთგულებით არ ცხოვრობს, ასეთი რიტუალების შესრულება მოეთხოვებათ. მათ კი, ვინც მთელი გულით ემსახურება უფალს, არ დასჭირდებათ ასეთი გარჯა – ისინი ძალიან იოლად შეძლებენ ასობითა და ათასობით წინაპრის ცოდვილი სულის დახსნას ყოველგვარი ტანჯვისაგან. ბჰაგავატამში (11.5.41)
ნათქვამია:

ვინც ჰპოვა თავისუფლების მომნიჭებლის – მუკუნდას ლოტოსისდარ ტერფთა თავშესაფარი, მიატოვა ყოველგვარი მოვალეობა და სრული მოწადინებით დაადგა ამ გზას, მას აღარა სძევს რაიმე ვალდებულება ნახევარღმერთთა, ბრძენთა, საერთოდ ცოცხალ არსებათა, ოჯახის წევრთა, წინაპრების თუ მთელი კაცობრიობის წინაშე. უზენაესი ღვთაებრივი პიროვნების ერთგული სამსახურით იგი თავისთავად იხდის ამ ვალდებულებებს.

ლექსი 42
ოჯახური ტრადიციების დამანგრეველთა ავკაცობის ფესვზე აღმოცენდებიან ზნენაკლული თაობები, გაცამტვერდება გვარის მომავალი და ოჯახური კეთილდღეობა აღიგვება სამარადჟამოდ.

შინა-არსი: ადამიანთა საზოგადოების ოთხივე ფენის ერთობლივი სამომავლო გეგმები ოჯახის კეთილდღეობისათვის გაწეულ საქმიანობასთან ერთად (რაც სანატანა-დჰარმასა და ვარნაშრამა-დჰარმას საზოგადოებისათვისაა დამახასიათებელი), განკუთვნილია იმისთვისაც, რომ პიროვნებას საბოლოო ხსნის გზა გაუნათოს.

როცა უპასუხისმგებლო ლიდერები სანატანა-დჰარმას ტრადიციებს უგულვებელყოფენ, საზოგადოება ქაოსში ინთქმება – ხალხი ივიწყებს თავდაპირველ მიზანს, ანუ ვიშნუს. ამგვარი მხედველობადაშრეტილი მეთაურების მიმდევრები უფსკრულისაკენ მიექანებიან.

ლექსი 43
ო, კრიშნა, კაცთა მოდგმის სულისჩამდგმელო, მოწაფეობრივი რიგის ბრძენთაგან მსმენია, რომ ჯოჯოხეთია ოჯახური ტრადიციების სიწმინდის ამამღვრეველთა საუკუნო სამყოფელი.

შინა-არსი: არჯუნა იმოწმებს არა პირად გამოცდილებას, არამედ იმას, რაც აღიარებულ ბრძენთაგან მოუსმენია – ეს არის ჭეშმარიტ ცოდნასთან ზიარების უტყუარი გზა. შეუძლებელია რამეს სწავლა ღრმად მცოდნე, ავტორიტეტული პიროვნების დახმარების გარეშე. ვარნაშრამას საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სისტემა, რომლის საშუალებითაც სიკვდილის წინ ადამიანმა თავისი უკეთური საქმენი უნდა მოინანიოს. მან, ვინც ცოდვილი ცნობიერებით გალია წუთისოფელი, უნდა ისარგებლოს სულის ხსნის ამ შესაძლებლობით (მას პრაიაშჩიტა ეწოდება).

მოუნანიებლად აღსრულებული კაცი აუცილებლად ჯოჯოხეთის პლანეტებზე მოხვდება, რათა სიცოცხლეში ჩადენილ ცოდვათა გამო სამარადისო ტანჯვის უღელი ატაროს.

ლექსი 44
ვაი ჩვენ – უმძიმეს ცოდვათა ჩამდენთ! დაჯერებაც კი ძნელია, რომ სამეფე ხელისუფლების ფლობით ნეტარებას მოწყურებულთ ნათესავების ამოხოცვა შეგვიძლია.

შინა-არსი: მიკერძოებული სურვილებით შეპყრობილ ადამიანს ქვეშეცნეულად საკუთარი დედ-მამის მოკვლა შეუძლია. მსოფლიო ისტორიაში ამის უამრავი მაგალითი მოიძებნება. მაგრამ არჯუნას, როგორც უფლის წმინდა ერთგულს, არასოდეს ტოვებს ზნეობრიობა, ამიტომაც ცდილობს თავი აარიდოს ძმათამკვლელ ომს.

ლექსი 45
მე მირჩევნია იარაღაყრილი და წინააღმდეგობის ძარღვმოდუნებული შეჭურვილმა დჰრიტარაშტრას შვილებმა ასო-ასო ამკუწონ ბრძოლის ველზე.

შინა-არსი: ქშატრიათა საბრძოლო კანონების თანახმად, უიარაღო და მშვიდად მდგომ მტერზე თავდასხვა არ შეიძლება. არჯუნამ გადაწყვიტა, მაშინაც კი არ შებრძოლებოდა შეტევაზე გადმოსულ მტერს, თუ ისინი მის თვინიერ პოზიციას არად ჩააგდებდნენ. არჯუნას ეს სულგრძელობა გამოწვეული იყო იმით, რომ იგი უფლის ერთგული იყო.

ლექსი 46
სანჯაიამ ასე დაასრულა თხრობა: წარმოთქვა რა ეს ბოლო სიტყვები ბრძოლის ველზე, არჯუნამ მშვილდ-ისარი გადადო და ეტლის სკამზე დაეშვა. მრუმე სევდა შემოსძალვოდა მის გონებას.

შინა-არსი: მტრის განლაგების დათვალიერებისას არჯუნა საომარ ეტლში შემართულად და ამაყად იდგა, მაგრამ მწარე ფიქრებმა იმდენად დათრგუნა იგი, რომ სკამზე დაეშვა და მომარჯვებული მშვილდი გადადო.

სწორედ ასეთი კეთილი, გულმოწყალე ადამიანი, რომელიც წმინდად ემსახურება უფალს, ღირსია – შეიცნოს საკუთარი მე

ამით მთავრდება ბჰაქტივედანტას კომენტარები “შრიმად ბჰაგავად-გიტას” პირველ თავზე “კურუქშეტრას ბრძოლის ველზე შეკრებილ ლაშქართა დათვალიერება”.

Advertisements

2 thoughts on “ბჰაგავად-გიტა – თავი პირველი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s