ჟურნალისტიკა

1) ქართველი გამომგონებელი გრიგოლ ნახუცრიშვილი.

საქართველოს რადიომაუწყებლობის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი გამომგონებლის – გრიგოლ (ნიკოლოზ) ნახუცრიშვილის მოღვაწეობა. 1900-1905 წლებში ის ესტონეთის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა ახალი ტიპის ხელსაწყოს – ინფორმაციის უმავთულო გადამცემი აპარატის მოდელის შექმნაზე. 1902-1904 წლებში მან ყველასგან დამოუკიდებლად შექმნა ელექტროკავშირის ასოთმბეჭდავი აპარატის ორიგინალური კონსტრუქცია, რომელიც რადიოკავშირის ავტომატური მიღება-გადაცემის საშუალებას იძლეოდა. სამწუხაროდ, მან ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელება ვერ შეძლო და მძიმედ დაავადებული 1905 წელს 29 წლის ასაკში გარდაიცვალა სამშობლოსგან შორს და იქვე ქ. დერპტში დაკრძალეს.
სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოებისთვის ის გარდაცვალებამდე არ იყო ცნობილი. მის შესახებ საზოგადოებამ 1906 წელს ,,ცნობის ფურცლის’’ სურათებიან დამატებაში გამოქვეყნებული წერილიდან შეიტყო, რომელიც მისი გარდაცვალების წლისთავს მიეძღვნა. მასში გარდა ნახუცრიშვილის ბიოგრაფიისა ასევე დაბეჭდილია გამომგონებლის ფოტოპორტრეტი და მისი ხელსაწყოს ფოტო წარწერით: ,,გრიგოლ ნახუცრიშვილის მიერ გამოგონებული მანქანა უმავთულო ტელეგრაფიისა.’’ ამ ხელსაწყოს რამდენიმე დეტალი – კლავიატურისა და ცილინდრის ნაწილი ინახება დ. ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

2) საინფორმაციო სააგენტო ,,კონტაქტი’’ საქართველოს რადიოში.

საინფორმაციო სააგენტო ,,კონტაქტი’’ 1992 წელს შეიქმნა. მისი შექმნის მიზანი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოპოვება და მისი ოპერატიული გავრცელება იყო. მის დირექტორად დაინიშნა ჟურნალისტი – დიმიტრი კიკვაძე. სხვადასხვა დროს ,,კონტაქტში’’ მუშაობდნენ ჟურნალისტები: მაკა ანთიძე, მანანა გიორგობიანი, ხათუნა კიკვაძე, მერაბ მანჯგალაძე, მენეჯერი მიხეილ გვარჯალაძე, პროგრამისტები მარინე ცალქალამანიძე და მარინე ბოკუჩავა და სხვები.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საინფორმაციო სააგენტო ,,კონტაქტი’’ საინფორმაციო გამოშვებებს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ამზადებდა. შესაბამისად, ,,კონტაქტის’’ ინფორმაცია მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში იგზავნებოდა ჯერ ტელეტაიპის, შემდეგ კი სატელიტური ფაქსის მეშვეობით. მის მასალებს იყენებდნენ ბი-ბი-სი და ,,ამერიკის ხმა.’’ მოკლედ რომ ვთქვათ, მან დიდი როლი შეასრულა საერთაშორისო საზოგადოებისთვის საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდების, აფხაზი და ოსი სეპარატისტებისა და მათი მფარველების მხილების თვალსაზრისით.
საინფორმაციო სააგენტო ,,კონტაქტის’’ მიერ მოპოვებულ და დამუშავებულ მასალებს ყოველდღიურად იყენებდნენ ,,მაცნე’’, ,,ვესტნიკი,’’ ალიონი და სხვა საინფორმაციო საშუალებები. ,,კონტაქტის’’ საინფორმაციო წყაროები იყვნენ: საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური, პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო კანცელარიის, თავდაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, ქალაქის მერიის პრესსამსახურები. ასევე უცხოეთი ქვეყნებში საქართველოს საელჩოები. ის იყენებდა ასევე რადიოსადგურ ,,ამერიკის ხმისა’’ და რადიოსადგურ ,,თავისუფლების’’ მასალებსაც.
სააგენტო ,,კონტაქტი’’ 2000 წლის ბოლოს გაუქმდა და მის ბაზაზე ჩამოყალიბდა საინფორმაციო-ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც შეუერთდა ტელერადიომაუწყებლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.

3) საქართველოს ტელევიზიის მეორე პროგრამის ისტორია.

საქართველოს ტელევიზიის ორპროგრამიანობას დაახლ. 20 წლის ისტორია აქვს. მეორე პროგრამა 1971 წლის 6 მარტს სპონტანურად, მოუმზადებლად გაიხსნა. ის ცალკე, მე-6 არხით გამოჩნდა და ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს მოიცავდა (როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ იყო განსაზღვრული მისი თემატური და ჟანრობრივი მხარე). ერთი თვის შემდეგ მას დაემატა სასწავლო გადაცემები, ძირითადად ლექციები დაუსწრებელი სწავლების სტუდენტებისთვის. ნახევარი თვის შემდეგ კი დაემატა ზოგიერთი სატელევიზიო დადგმის გამეორება. ასეთი იყო მეორე პროგრამა 1981 წლისთვის, მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა, თუმცა პრინციპულად არაფერი შეცვლილა, თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ 1987 წლის იანვრიდან იგი ერთდროულად მე-6 არხით და დეციმეტრიული დიაპაზონის 28-ე არხით გადაიცემოდა. შემდეგ კი მხოლოდ დეციმეტრიული არხით. (ეს დეციმეტრიული და დეგენერატობები ვერ გავიგე კარგად, მგონი არაა საჭირო დავიმახსოვროთ).
1991 წლის 19 აგვისტოს შემდეგ მეორე პროგრამა ეთერში აღარ გამოჩენილა. იგი უფუნქციოდ წარმოიშვა, უფუნქციოდ და უსახოდ იარსება 20 წელი და ისე გაქრა, რომ მაყურებლების უმრავლესობას ამის შესახებ ალბათ საერთოდ არც გაუგია.

 


გაგრძელება ჟურნალისტიკა

ჟურნალისტიკა